განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ხალხისთვის დღის განმავლობაში სითბო საკმარისია, მაგრამ ღამით, როდესაც ისინი საჭმლის მომზადებას იწყებენ და მზე ჩასულია, მათ სითბოს მისაღებად სხვადასხვა საწვავის გამოყენება უწევთ, იქნება ეს შეშა თუ სხვა.

ახალი ქიმიური შენაერთი კი, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა შექმნა, შესაძლოა ამის ალტერნატივა იყოს. მას დღის განმავლობაში შეუძლია მზისგან მიღებული სითბო შეინახოს. MIT-ში მას თერმულ ბატარეას უწოდებენ. ის ამ სითბოს მაშინ გამოყოფს, როცა თქვენ უბრძანებთ - იქნება ეს საჭმლის მოსამზადებლად თუ გასათბობად.

მეცნიერები თერმული ტევადობის მქონე ბატარეებს, ძირითადად, ფაზური ცვლილების მატერიით (ფცმ) ქმნიან: როდესაც სითბო ადნობს ფცმ-ს, ის მყარი მდგომარეობიდან თხევადში გადადის და ენერგიას ინახავს. როცა ის გრილდება და უბრუნდება საწყის, ანუ მყარ მდგომარეობას, ის შენახულ ენერგიას გამოსცემს. თუმცა, ყველა ამჟამინდელ ფცმ-ს უამრავი იზოლაცია სჭირდება. MIT-ში აცხადებენ, რომ ფაზური ცვლილების ტემპერატურა უკონტროლოდ, საკმაოდ სწრაფად კარგავდა შენახულ სითბოს, რაც დიდი პრობლემაა.

საბედნიეროდ, მკვლევრებმა თერმულ ტევადობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს მოლეკულური ამომრთველებით უპასუხეს, რომელიც ფორმას სინათლის პასუხად იცვლის. მათ ეს მოლეკულები ტრადიციულ ფცმ-ში მოათავსეს, რათა სითბო მოთხოვნის შესაბამისად გამოთავისუფლებულიყო. MIT-ის პროფესორი ჯეფრი გროსმანი ამბობს: „ლატენტური სითბოს ტრადიციულ მოდელში სინათლის მიმართ მგრძნობიარე მოლეკულების მოთავსებით, ჩვენ დავამატეთ ისეთი პარამეტრების კონტროლი, როგორიცაა გადნობა, გამყარება და ზეგაციება“.

ფოტო: MIT/On.ge

მათ ქიმიურ ბატარეას მზის სითბოს, მანქანებისა და ინდუსტრიული პროცესების მიერ გამოყოფილი სითბოს შენახვაც კი შეუძლია. ამ სისტემით სითბო სტაბილურად, სულ ცოტა, 10 საათის განმავლობაში შეგვიძლია შევინახოთ - და ამ შენახული სითბოს გამოთავისუფლება სულ რაღაც რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. ამ ახალ მატერიას ერთ გრამზე 200 ჯოულის შენახვა შეუძლია. მკვლევარი გრეის ჰანი ამბობს, რომ მათი თერმული ბატარეით უკვე დაინტერესდნენ ინდოეთის გარეუბნებში.

ჟურნალმა Nature Communications-მა კვლევა ამ თვის დასაწყისში გამოაქვეყნა.