ფრაქცია ქართული ოცნების წვერის დავით მათიკაშვილის განმარტებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარი არაავანო მერაბიშვილის პატიმრობის კანონიერებაზე:

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება კონკრეტულ ეპიზოდს, რომ სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება არ იქნა სრულფასოვნად ჩატარებული. ეს ეპიზოდი ეხება მერაბიშვილის დაპატიმრების შემდგომ არსებულ სიტუაციას".

მათიკაშვილის თქმით, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან და დანაშაულთან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლოს არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, გასულ წელს, ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

14 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. მერაბიშვილის იმჟამიდელი ადვოკატი, ოთო კახიძე განმარტავდა, რომ კონვენციის მე-18 მუხლს მეხუთესთან ერთად ადგენენ მაშინ, როდესაც დისკრიმინაციული მოტივით ხდება პატიმრობის შეფარდება.

"მართალია, 14 ივნისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით. აღნიშნულს არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ "ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის".