ქართველი ლგბტ აქტივისტი დავით შუბლაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, თავის იტალიელ პარტნიორზე დაქორწინდა. საქორწინო ცერემონიის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შუბლაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც მან On.ge-ს უთხრა, ეს იყო სამოქალაქო და რელიგიური ქორწინება, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკული კანონმდებლობა რელიგიურ ქორწინებას ჩვეულებრივ, კანონიერად აღიარებს.

დავით შუბლაძემ On.ge-სთან ისაუბრა იმ პრობლემაზე, რასაც ის საქართველოში აწყდებოდა:

"საქართველოში ღიად გეი ნიშნავს უამრავ პრობლემას, უამრავ თავსატეხსა და გადაულახავ პრობლემას. მანდ ყოფნის ბოლო წელიწადს სამჯერ მომიწია ბინის გამოცვლა და ყოველი ტელევიზორში გამოჩენა ახალი ბინის ძებნას ნიშნავდა. ყოველი აქტივობა ახალი გინების/მუქარის ტალღის საწყისი იყო. უბანში, სამეზობლოში, სამსახურში - ცხოვრების ყველა ეტაპზე მიწევდა სტიგმასთან ბრძოლა. მეგობრებთან ურთიერთობა უფრო რთული აღმოჩნდა, რადგანაც არაერთხელ გავმხდარვარ შევიწროების/აგრესიის და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ამას ნებისმიერი ჩემი ახლო მეგობარიც ისხლეტდა, რადგანაც ჩემთან იყვნენ, ავტომატურად მათთაც უწევდათ ამ აგრესიის/დამცირების ატანა. მოკლედ რომ ვთქვათ, ლგბტ აქტივისტობა საქართველოში ძალიან სერიოზულ ფსიქიურ თუ მორალურ მზაობას მოითხოვს, რადგანაც ამდენ ნეგატივს/აგრესიას და დამცირებას მარტივად ვერ გადაიტან".

როგორც შუბლაძე ამბობს, აშშ-ში გადასვლის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა:

"ამ ქვეყანაში სრულად, 100% ბედნიერი ვარ, რადგანაც არასდროს მიწევს იმის დამალვა თუ ვინ ვარ და არასდროს მიწევს სიტყვების მოზომვა და დაფიქრება, სანამ ადამიანს რამეს ვეტყვი ამ თემაზე. ანუ ზუსტად ისევე, როგორც საქართველოში ჰეტეროსექსუალი ადამიანი ცხოვრობს. აქ არავის აინტერესებს, მე საწოლში ვინ მიწევს ან ვისთან ვიყოფ საცხოვრისს. აქ ყველაზე მთავარი წინაპირობაა, იყავი კარგი ადამიანი და კარგი მოქალაქე".

შუბლაძის თქმით, ქორწინების ცერემონიაზე ჩოხის ჩაცმა ერთგვარი პოლიტიკური განაცხადი იყო.

როგორც ლგბტ აქტივისტითვის, ეს პოლიტიკური აქტი იყო, ყველაზე ფსევდომასკულინური სამოსის მორგება ერთნაირსქესიან ქორწილში და ამით ხაზგასმა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, აკეთოს ის, რაც მას სურს, თუნდაც მოირგოს ის სამოსი, რომელიც მას სურს

დავით შუბლაძე

"ჩოხა რატომ? რატომაც არა? ჯერ ერთი, იმათ გასაგონად ვიტყვი, ვინც ჩოხას "ქართულ სიწმინდედ" რაცხავს, რომ ჩოხა ქართული არაა და ის შუასაუკუნეებში შემოვიდა არაბული სამყაროდან. სანამ ვინმე უტიფრად დაამტკიცებს იმას, რომ ჩოხა ქართული ერის მემკვიდრეობაა, მანამდე გადახედოს ისტორიას და გაეცნოს ეთნოგრაფიულ წყაროებს. მეორე - ზუსტადაც, რომ ქართველების ასეთი საკრალური დამოკიდებულების გამო გადავწყვიტეთ ჩოხის მორგება. როგორც ქართველს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მე არანაირად, არავისგან არ მჭირდება ნებართვის აღება ჩოხის ტარებაზე. როგორც ლგბტ აქტივისტითვის, ეს პოლიტიკური აქტი იყო, ყველაზე ფსევდომასკულინური სამოსის მორგება ერთნაირსქესიან ქორწილში და ამით ხაზგასმა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, აკეთოს ის, რაც მას სურს, თუნდაც მოირგოს ის სამოსი, რომელიც მას სურს.

ეს ჩემი საჩუქარია იმ ურა-პატრიოტებისთვის და ფსევდორელიგიური ხალხისთვის, რომელთაც ერევათ ყველა გაგება და ქრისტეს სახელით მოსაკლავად გამოგეკიდებიან და პირსაც გვარიანად აიყროლებენ (თუმცა სხვა დარჩენიათ?) ასევე ჩოხა და სექსუალური ორიენტაცია ქართველობა რომ ჰგონიათ. მათთვისაა საჩუქარი, ვინც რუსთაველზე ჩოხით გაბღენძილი დაიარება და საქართველოში ჩამოსულ ემიგრანტებს ერჩის ქართველობის გადარჩენის მიზნით. ასევე, ვუძღვნი პირადად ამხანაგებ გია კორკოტაშვილსა და სანდრო ბრეგაძეს, აბა თქვენ იცით, არ მოდუნდეთ! თქვენ ნამდვილად გამოგიდით საზოგადოების ყურადღების მობილიზება ლგბტ თემაზე, რის შემდეგ ლგბტ აქტივისტები ახერხებენ ლგბტ პრობლემებზე საუბარს და ფართო მასებამდე მიტანას. ასევე მადლობა, რომ მუდმივად ახერხებთ ამ თემის "პრაიმთაიმში" გატანას" - უთხრა დავით შუბლაძემ On.ge-ს.