ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს სურვილი აქვს, თანამდებობიდან გადადგეს, თუმცა რუსეთის ხელისუფლება მის ამ სურვილს ამ ეტაპზე არ აკმაყოფილებს.

რამზან კადიროვმა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ რასია 1-ის ეთერში თქვა, რომ მისი ოცნება თანამდებობიდან გადადგომაა და ამისი დრო მოვიდა. როგორც ჩეჩნეთის პრეზიდენტი ამბობს, ის ქვეყნის სამსახურში ყოფნით არ დაღლილა, უბრალოდ, ჩეჩნეთს ახალი ტიპის ლიდერი სჭირდება.

კადიროვის სურვილებს დღესვე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი. პესკოვის განცხადებით, კადიროვმა თქვა, რომ ის არის პუტინის თანამოაზრეთა გარემოცვის მტკიცე, ერთგული წევრი და მოცემულ სიტუაციაში ის აპირებს, რომ მუშაობა გააგრძელოს პრეზიდენტ პუტინის მითითებების მიხედვით. მას სხვა არაფერი უთქვამს. ის რჩება ჩეჩნეთის მოქმედ ხელმძღვანელად.

რამზან კადიროვი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფ ჩეჩნეთს 2007 წლიდან მართავს.