საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა დაევალა.

სემეკმა დაადგინა, რომ შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომხმარებელთა ქსელზე მიერთების განაცხადებს ხელოვნურად ასრულებდა ვადაში.

კერძოდ, მარეგულირებელი კომპანიის განცხადებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, კომპანიამ ელექტრონულ ჟურნალში 1057 ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების განაცხადის დროულად დასრულება ჰქონდა დაფიქსირებული.

სემეკის ცნობით, აქედან მხოლოდ 113 იყო აღნიშნული მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტით.

2016 წლის 25 ივლისის #13 დადგენილებით კომისიამ დაამტკიცა, რომ საწარმოები, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატები, ვალდებულნი არიან აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი.

ელექტრონული ჟურნალი არის კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, რომლის მეშვეობითაც კომისია რეალური დროის რეჟიმში ახორციელებს კონტროლს კომპანიების მიერ წესების შესრულებაზე.