ბათუმში მდებარე სასტუმრო ლეოგრანდის მეპატრონის ადვოკატის განცხადებით, კომპანია პასუხისმგებლობას არ გაურბის და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამის შესახებ ადვოკატი რუსთავი 2-ს ესაუბრა:

"კომპანიას უნდა ღრმა მწუხარება გამოთქვას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. მიუსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და გამოთქვამს დახმარების მზად ყოფნას."

რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადვოკატი კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებს.

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. 20-მდე ადამიანი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შენობაში სახანძრო ნორმები და მოთხოვნები დარღვეული იყო.