ყველაზე მარტივი მაგალითით დავიწყოთ, გაიხსენეთ რამდენჯერ გაგიგონიათ ყვირილი თქვენს მეზობლად, რამდენჯერ შეგიმჩნევიათ თქვენი მეზობელი ქალის ჩალურჯებული თვალი, მაგრამ არასდროს გიცდიათ ამ ამბავს ჩაძიებოდით ან ერთხელ და სამუდამოდ შეგჩერებინათ ძალადობა, გასამართლებლად კი ერთ ძველ და ყოვლად გამოუსადეგარ ფრაზას იყენებდით, ამბობდით, რომ სხვების ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ გაქვთ.

რეალურად კი ეს სხვის ცხოვრებაში ჩარევა კი არა, ერთი ადამიანის, ერთი ქალის გადარჩენაში მონაწილეობა იქნებოდა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქალებზე ძალადობის თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ფემიციდი ჩვენი სოციუმის პრობლემაა. მისი თქმით, საქართველოში 2017 წელს 22-მდე ფემიციდის შემთხვევა მოხდა.

"ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციაში გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოება. გადამწყვეტ როლს თამაშობს ის, რანაირად აღვიქვამთ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ძალადობას ჩვენი თანამოქალაქე ქალების წინააღმდეგ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

25 ნოემბერს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანია დაიწყო, წელს კამპანიის სლოგანია - "აიხილე თვალები", რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას, სახელმწიფო სერვისების მეტად პოპულარიზაციას საზოგადოებაში და პრევენციული ღონისძიებების გაცნობას.

სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში კომპანია რედბერიმ ახალი ვებგვერდი - SHEACHERE.GE შექმნა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქალებზე ძალადობის დროს მნიშვნელოვანია, როგორ რეაგირებს საზოგადოება, როგორ ფასდება ქალების ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად. თვალის დახამხამების ამოცნობის ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე, კომპანია პულსარმა (Pulsar AI) შექმნა.

გენდერული ძალადობის 16 დღიანი კამპანია მსოფლიო მასშტაბით 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.