თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ევროპული კინოს ფესტივალი, ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი პროგრამა ევროპული კინოს ფორუმია, რომელშიც წარმოდგენილია ბოლო ორი წლის საუკეთესო ევროპული ფილმები.

ჩამბრა (A Ciambra, იტალია, აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, 2017)

ბოშების დასახლებაში, კალაბრიაში, პიო ამატოს ერთი სული აქვს, როდის გახდება ზრდასრული. 14 წლის ასაკში ის სვამს, ეწევა და იმ მცირეთაგან ერთ-ერთია, ვინც იოლად ახერხებს საერთო ენის გამონახვას ადგილობრივ იტალიელებთან, აფრიკელ ემიგრანტებსა და მშობლიურ ბოშებთან. პიო სულ თან დაჰყვება უფროს ძმას, კოზიმოს და მათი მშობლიური ქალაქის ქუჩებში ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს ითვისებს. როდესაც კოზიმო უკვალოდ ქრება და ვითარება იძაბება, პიო მზად არის დაამტკიცოს, რომ შეუძლია ძმის ადგილის დაკავება. სწორედ ამ დროს უნდა გადაწყვიტოს, მართლაც მზადაა თუ არა, რომ სრულწლოვან მამაკაცად იქცეს.

თვინიერი (A Gentle Creature, საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა, ნიდერლანდები 2017)

ქალი რუსეთის სოფლის განაპირას მარტო ცხოვრობს. ერთ დღეს მიიღებს ამანათს, რომელიც მან თავის დაპატიმრებულ ქმარს გაუგზავნა, წარწერით: "დაუბრუნდეს გამგზავნს". შეშინებულ და დაბნეულ ქალს სხვა გზა არ აქვს, უნდა წავიდეს ციხეში, ქვეყნის შორეულ რეგიონში და გაიგოს, რა მოხდა. ასე იწყება აუღებელი ციხესიმაგრის - ციხის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია, სადაც საზოგადოებისადმი მტრულად განწყობილი ძალები ყოველთვის პოულობენ თავის ადგილს.

არითმია (Arrhythmia, რუსეთი, ფინეთი, გერმანია, 2017)

ოლეგი ახალგაზრდა, ნიჭიერი მედმუშაკია. მისი ცოლი, კატია მედდად მუშაობს საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებაში. მას უყვარს ოლეგი, მაგრამ მობეზრდა, რომ ოლეგი პაციენტებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე მასზე და ამიტომაც, ეუბნება, რომ განქორწინება უნდა. ოლგას სასწრაფო განყოფილების ახალი ხელმძღვანელი გულცივი მენეჯერია, რომელიც ახალ, მკაცრ წესებს ნერგავს. ოლეგს ნაკლებად აღელვებს წესები - მან ადამიანები უნდა გადაარჩინოს. ამ მიდგომის გამო მას ურთიერთობა ეძაბება ახალ უფროსთან. სამსახურის კრიზისი პირად ცხოვრებაში კრიზისს ემთხვევა.

შენი სახელი დამიძახე (Call Me By Your Name, იტალია, საფრანგეთი, ბრაზილია, აშშ, 2017)

1983 წლის ზაფხულია. 17 წლის ელიო პერლმანი, ოჯახთან ერთად, თავის მე-17 საუკუნის ვილაში ისვენებს ლომბარდიაში (იტალია). მალე ის გაიცნობს სიმპათიურ დოქტორანტს, რომელიც ელის მამასთან ინტერნად მუშაობს. მზით გაბრწყინებულ გარემოში ელიო და ოლივერი ერთმანეთის მიმართ მძაფრ ლტოლვას გრძნობენ, ეს კი, სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას.

განდევნილები (Exiled, ლატვია 2016)

პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელი წელი. გერმანული ჯარის სამხედრო ექიმი ულრიხი ბრძოლის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების მქონე, გამოჯანმრთელების პირას მყოფი პაციენტების მოსანახულებლად მიდის. მისი ცივი, რაციონალური გონებისთვის ეს უცნაური სამყარო, სადაც სინამდვილე უფრო გავს გამონაგონს, ძალიან მიმზიდველი ხდება. იქაურობის გარდაქმნის უნაყოფო მცდელობა და იდუმალებით მოცული ველური ბიჭით განსაკუთრებით დაინტერესება ულრიხს ჭეშმარიტი "მე"-ს პოვნამდე მიჰყავს.

ყინვა (Frost, ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, 2017)

ახალგაზრდა ლიტველი წყვილი - როკასი და ინგა გადაწყვეტენ, რომ როგორც მოხალისეებმა, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კონტეინერი უკრაინაში ჩაიტანონ. მაგრამ გეგმები იცვლება და ისინი ბედის ანაბარა აღმოჩნდებიან. ისინი გადაკვეთენ დონბასის უზარმაზარ თოვლიან მხარეს, მოკავშირეების და თავშესაფრის ძიებაში, გზადაგზა, ომისგან დაზარალებული ადამიანების ცხოვრების თვითმხილველები ხდებიან. საფრთხის მიუხედავად, ისინი ფრონტის წინა ხაზს უახლოვდებიან და, იმავდროულად, კიდევ უფრო ახლობელი ადამიანები ხდებიან ერთმანეთისთვის, რადგან აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს ომის პირობებში ცხოვრება.

დიდება (Glory, ბულგარეთი, საბერძნეთი, 2016)

როდესაც რკინიგზის თანამშრომელი ცანკო პეტროვი საარკინიგზო გზებზე მილიონობით ლევს პოულობს, გადაწყვეტს, რომ მთელი თანხა პოლიციას გადაცეს. მადლიერი სახელმწიფო მას ახალი მაჯის საათით აჯილდოვებს, რომელიც მალე ფუჭდება. ამასობაში, ტრანსპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იულია სტაიკოვა კარგავს თავის ძველ საათს. აქ იწყება პეტროვის თავგანწირული ბრძოლა არა მხოლოდ ძველი საათის, არამედ ღირსების დასაბრუნებლად.

ჰანა (Hannah, იტალია, საფრანგეთი, ბელგია, 2017)

"ჰანა" სიღრმისეული პორტრეტია ქალისა, რომელმაც იდენტობა დაკარგა. ქმრის დაპატიმრების შემდეგ მარტო დარჩენილი ჰანა ცდილობს შეებრძოლოს ბედს და სწორედ მაშინ ვლინდება მისი პიროვნება. მის დამსხვრეულ იდენტობასა და თვითკონტროლის დაკარგვაზე დაკვირვების შედეგად, ფილმი თანამედროვე სამყაროში გაუცხოების, კავშირის ძიების და თვითიდენტობას, პიროვნულ ურთიერთობებსა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას შორის ზღვარის შესახებ გვიამბობს.

ბედნიერი დასასრული (Happy End, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია 2017)

ანამ საოჯახო ბიზნესი ავადმყოფი მამისგან, ჟორჟისგან მემკვიდრეობით გადაიბარა. ფილმში პერსონაჟებად შემოდიან ანას საქმრო, თავისი უსაქმური ვაჟი, ძმა, რომელსაც წინა ქორწინებიდან 12 წლის ქალიშვილის რჩენა უწევს და რამდენიმე მაროკოელი მსახური.

ცეცხლის ალში (Inflame, თურქეთი, 2017)

ჰასრეთს მუდმივად ერთი და იგივე კოშმარული სიზმარი ესიზმრება რომლიდანაც თავს აღწევს ყოველ დილას. მაგრამ ის, რასაც ყოველღამე განიცდის, გამონაგონი კი არ არის, არამედ მოგონებებია. ერთ დღეს, როდესაც სამსახურიდან - ახალი ამბების არხიდან - შინ, მშობლების მიერ დატოვებულ ბინაში ბრუნდება, თანდათან სულ უფრო მძაფრად ისმის შეკითხვა: მისი მშობლები, ოცი წლის წინ, ნამდვილად ავტოავარიაში დაიღუპნენ თუ არა?

ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული (Let the Summer Never Come Again, გერმანია, საქართველო, 2017)

ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი. თუ ერთი მათგანი სამხედრო ოფიცერია და ომში მიდის, რა უნდა ქნას მეორემ?

ბროწეულის ბაღი (Pomegranate orchard, აზერბაიჯანი, 2017)

გაბილი შინ, ღარიბულ ოჯახურ კარმიდამოში 14 წლის შემდეგ ბრუნდება. იქაურობა ხანდაზმული ბროწეულის ბაღითაა გარშემორტყმული. თუმცა, წარსულის ღრმა ემოციური იარები ასე უცებ ვერ ამოიშლება.

რექვიემი მისის ჯეისთვის (Requiem for Mrs. J., სერბეთი 2017)

ქალბატონი ჯ. ერთ დროს ადმინისტრაციული მოხელე იყო, რომელიც გადაწყვეტს, რომ თავისი მოვალეობები შეასრულოს: დარეცხოს ბაკანში დაგროვილი ჭურჭელი, წავიდეს მაღაზიაში, ამოთხაროს ოჯახის პისტოლეტი. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ თავი ამ იარაღით მოიკლას ქმრის გარდაცვალების წლისთავზე. ის მზადაა, ყველა პირადი და ადმინისტრაციული საქმე დაასრულოს, რომ მშვიდად მოიკლას თავი. მაგრამ ამ ყველაფრისთვის მას ერთადერთი რამ ჭირდება - უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მსახურობის მოწმობა.

სარაევოს სევდიანი სიმღერები (Sarajevo Songs Of Woe, ბოსნია-ჰერცეგოვინა, გერმანია 2016)

სარაევოს სევდიანი სიმღერები არის ფილმი-ტრიპტიქი, რომელიც შედგება ორი ამბისგან - შეყვარებულების ლურჯი ბალადა და გადარჩენილების ლურჯი რონდო და დოკუმენტური შუა ნაწილი - მგლების ლურჯი ფსალმუნი. ეს ნაწილები ერთმანეთის შენაკადებია და სარაევოში ფრაგმენტული ცხოვრების ერთიან მოზაიკას შეადგენენ. კამერა დაყვება სხვადასხვა პროტაგონისტს და ერთმანეთში აქსოვს მათ იმედებს და სასოწარკვეთას, სიყვარულს და სიკვდილს, მათ მიერ ღირსეული ცხოვრების ძიებას.

ნაკვალევი (Spoor, პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, შვედეთი, სლოვაკეთი, 2017)

დუშეიკო ყოფილი ინჟინერ-კონსტრუქტორი და ახლა უკვე პენსიაზე გასული ექსცენტრული ადამიანია, ასტროლოგი და ვეგეტარიანელია, რომელიც ჩეხეთის საზღვართან, პატარა მთიან სოფელში ცხოვრობს. ერთ დღეს მისი საყვარელი ძაღლები უკვალოდ გაქრებიან. რამდენიმე თვის შემდეგ, ბრაკონიერი მეზობლის გვამს იპოვის. იდუმალი მკვლელობების ერთადერთი კვალი სახლთან შვლის ნუკრის ჩლიქების ნაკვალევია.

პირველი, უკანასკნელი (The First, the Last, საფრანგეთი, ბელგია 2016)

ორი დაქირავებული მკვლელი - კოში და ჟილუ მოშიშვლებულ სტეპებში დაეხეტებიან და მოპარულ ტელეფონს ეძებენ, რომელშიც მამხილებელი ინფორმაციაა. გზად ისინი შეხვდებიან დევნაში მყოფ წყვილს - ესთერს და უილის.

იმედის მეორე მხარე (The Other Side of Hope, ფინეთი, გერმანია 2017)

ხალედი, რომელიც ომის ქარცეცხლში გახვეული სირიიდან გაიქცა, ჰელსინკის პორტში, ნახშირის კონტეინერში გამომწყვდეული ჩადის და თავშესაფარს ფინეთში ეძებს. ქუჩაში ის ხვდება ყოფილ პერანგების გამყიდველ ვიკსტრიომს, რომელმაც ალკოჰოლიკი ცოლი მიატოვა და ახალ ცხოვრებას იწყებს, როგორც მარტოხელა რესტორატორი. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან იმ დაბრკოლებების დაძლევაში, რომლებიც ამ უჩვეულო და ხშირად სირთულეებით აღსავსე ახალ სამყაროში ხვდებათ.

ზამთრის ძმები (Winter Brothers, დანია, ისლანდია 2017)

ძმების ოდისეა იწყება პროვინციის კირქვის საბადოს თემში, ცივი ზამთრის დროს. ჩვენ თვალს ვადევნებთ ორ ძმას, რომლებიც ამ მკაცრ პირობებში მუშაობენ. უმცროსი ძმა, ემილი, ქარხნიდან მოპარული ქიმიური ნივთიერებებისგან კონტრაბანდულ სპირტს ხდის. ემილი აუტსაიდერი, უცნაური ადამიანია, რომელმაც შეგნებულად აირჩია მარტოობა და იქაური საზოგადოება მას მხოლოდ უფროსი ძმის, იოჰანის გამო ეგუება. ემილს წყურია გრძნობები, უნდა, რომ უყვარდეთ. როდესაც ერთ-ერთი მუშა ავად ხდება, ეჭვი ემილის მიერ გამოხდილ კონტრაბანდულ არაყზე მიაქვთ. ემილი თვლის, რომ ის ძმამ გაწირა, როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი განუხორციელებელი ტრფობის ობიექტი - მეზობელი ანა მის ნაცვლად, ძმას ირჩევს.

ევა (Yeva, სომხეთი, ირანი 2017)

ევა ახალგაზრდა ქალია, რომელიც ქმრის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, გაურბის თავისი ქმრის გავლენიან ნათესავებს, შვილთან - ნარესთან ერთად და თავს აფარებს ყარაბაღის (სომხეთი) ერთ-ერთ სოფელს. ევა სრულიად გაუცხოებულია თავის სოფელში და იძულებულია, ყოველდღიურად ნიღაბაფარებულმა იცხოვროს.

თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გაიგეთ მეტი: