ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში, გამომძიებლები მუშაობენ. როგორც აჭარის ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, სასტუმროში თანამშრომლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ.

სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გვამების ნაწილის იდენტიფიცირება უკვე დასრულებულია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილი იყო ხანძრის შედეგად დაზარალებული 21 პირი, მათან 3 მალევე გაწერეს.

ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდში ხანძრის შედეგად მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. ისინი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე გაჩნდა და ძლიერი კვამლი მალევე მოედო მთელ შენობას.