ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ლეოგრანდის მშენებლობა, რომელიც ბათუმში 2015 წელს გაიხსნა, 40 მილიონი დაჯდა. აღნიშნულ სასტუმროში 24 ნოემბრის საღამოს გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა, ათზე მეტი კი დაშავდა. მაშვეელბი ამ დრომდე ამოწმებენ შენობას და ეძებენ, არის თუ არა ვინმე დარჩენილი შიგნით.

სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2012 სექტებერში და ის გაშენებულია 6 ათას კვადრატულ მეტრზე, პროექტის ავტორია ცნობილი თურქი ინჟინერი აშქინ ჰიზმანი. როგორც თავად სასტუმროს აღწერაშია მითითებული, სამშენებლო სამუშაოები კომპანია მერსინ ტურიზმა შეასრულა, შენობის ვიზუალური მხარე გადაწყევეტილია ავანგარდულ-მინიმალისტურ სტილში.

"სპეციფიური პროექტი, შენობას გაცილებით ენერგოეფექტურს ხდის და ნაკლებად აბინძურებს გარემოს, პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონი დოლარია" , – ასე აფასებდა სასტუმროს მენეჯმენტი ლეოგრანდს.

სასტუმრო მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა ონლაინ დასაჯავშნი სისტემის, booking.com-ის მომხმარებლებს შორის და ის 8,3 ჯამური ქულით არის შეფასებული როგორც "ძალიან კარგი".

booking.com-ის მიხედვით, ლეოგრანდის ნომერში გაჩერება ერთ ადამიანს ყველაზე იაფად 276 ლარად შეეძლო, ყველაზე ძვირადღირებული, ორსაძინებლიანი ნომრის ფასი კი 3 600 ლარია.

სასტუმროში განთავსებულია რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, სპა, კაზინო.

აკმაყოფილებდა თუ არა ლეოგრანდი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს, ამის შესახებ განცხადებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება 25 ნოემბერს, დღისით გაავრცელებს. ამის შესახებ მათ აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრეს.

მეხანძრე-მაშველებმა სასტუმროდან 100-ზე მეტი პირის ევაკუირება შეძლეს.