შესწორება [02:10]: შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპული იყო 12 ადამიანი თუმცა, მოგვიანებით ეს რიცხვი დაზუსტდა. მაშველებს ჯერ არ შეუმოწმებიათ სასტუმროს ყველა სართლი, სრულ შემოწმებას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება.

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე დაღუპულთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები.

სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში.

ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.