უმა თურმანმა მადლიერების დღე ყველას მიულოცა - ჰარვი ვაინშტაინისა და მისი კონსპირატორების გარდა.

"ყველას გილოცავთ მადლიერების დღეს, შენს და შენი ბოროტი კონსპირატორების გარდა, ჰარვი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა მჟღავნდება, შენ ტყვიას არ იმსახურებ" - დაწერა მან ინსტაგრამზე და თავის ფოლოუერებს მოუწოდა, მოვლენებისთვის თვალყურის დევნება გაეგრძელებინათ.

უმა თურმანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ, ქალების სექსუალურად შევიწროების გახმაურებული ამბებით ის ძალიან გაბრაზებული იყო, თუმცა ამ თემაზე მაშინ იტყოდა მეტს, როცა ემოციები გადაუვლიდა.

ეს დღე ზუსტად გუშინ, მადლიერების დღეს, დადგა:

"მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მიყვარს და ასევე მათთვის, რომლებსაც გამბედაობა ჰყოფნით, სხვების გამო იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ გაბრაზებული ვიყავი და ამისთვის რამდენიმე მიზეზი მაქვს. #metoo ["მეც". ონლაინ კამპანია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ], თუ ამას ჩემი სახის გამომეტყველებით ვერ ხვდებით. მე ვფიქრობ, რომ საკუთარ თავებს დრო უნდა მივცეთ, რომ სამართლიანები და ზუსტები ვიყოთ".

სწორედ ამ ფრაზის მერე თქვა თურმანმა, რომ მადლიერების დღეს ყველას ულოცავს, ვაინშტაინის გარდა. მსახიობი ვაინშტაინთან ტარანტინოს მიერ გადაღებულ ფილმებში [Kill Bill და PulpFiction], მონაწილეობისას თანამშრომლობდა.

თურმანმა ინსტაგრამზე მოკალი ბილიდან ზუსტად ის კადრი გამოიყენა, სადაც ამბობს "მე მოვკლავ ბილს".

ჰარვი ვაინშტაინი 90-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში. მის საქმეს ლოს-ანჯელესის, ბევრლი ჰილზის, ნიუ-იორკისა და ლონდონის პოლიცია იძიებს.