თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა სამი თვით, 2018 წლის 24 თებერვლამდე გაუხანგრძლივა. ჩაბუქის საქმეზე სხდომა დღეს, 23 ნოემბერს გაიმართა.

სასამართლომ 23 აგვისტოსაც გაახანგრძლივა სამი თვით მუსტაფა ემრე ჩაბუქის წინასაექსტრადიციო ვადა.

მაშინ სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც ფიქრობდა, რომ ჩაბუქის გათავისუფლების შემთხვევაში მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არსებობდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

7 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ამბობდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ევროპული დონის ციხეში მოხვდება და წამებას არ დაექვემდებარება.