თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მაცხოვრებელ ადამიანებს მერია, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ამ ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სპეცოპერაცია და დაზიანდა რამდენიმე სახლი.

"ვთხოვთ, მოსახლეობას, ვისაც აქვთ ფართების გამოყოფის საჭიროება დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელში გადაყვანა", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ისნის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს და დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 2 37 50 29; 599 53 70 40, ან მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია დასრულებულია. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა On.ge-ს დაუდასტურა. უწყებაში დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა და ერთი პირი კი სადარბაზოდან გამორბოდა, როცა ის სროლის დროს მოკლეს.

ისანში სპეცოპერაცია თითქმის 22 საათი ტარდებოდა.