თაფლი იმ პროდუქტთა სიაში შედის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და ძვირ პროდუქტად ითვლება. მსოფლიო ბაზარზე კი ყოველწლიურად 2 მილიონ ტონა თაფლს აწარმოებენ, მათი ნაირსახეობა კი საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია აკაციის, მაისის, მზესუმზირისა და წაბლის თაფლი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მეფუტკრეობის საკმაოდ ხანგრძლივი პრაქტიკა უკვე არსებობდა, მას შემდეგ რაც ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზეც შესაძლებელია, ჩვენს ქვეყანაში, მეფუტკრეობა და შესაბამისად თაფლის წარმოებაც გაცილებით აქტუალური და მომგებიანი გახდა.

გამოცდილ თუ ახლად დამწყები მეფუტკრებისთვის კი სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული და ხარისხიანი თაფლის მისაღებად, გარკვეული ცოდნაა საჭირო, რაც მათ ფუტკარს იმ საფრთხეებისგან დაიცავს, რომელიც ზამთრშია მოსალოდნელი.

1. სიცივე

ფოტო: Martin Kudrjavcev/shutterstock

ფუტკრებისათვის ზამთარი წელიწადის ყველაზე რთულად შესაგუებელი დროა. სიცივის მოახლოებასთან ერთად ფუტკრების ოჯახები წყვეტენ აქტიურ ცხოველქმედებას და შედარებით პასიურები ხდებიან. წყდება თაფლის გამომუშავებაც და ერთადერთი საზრუნავი, საკმარისი კვება და გადარჩენისთვის აუცილებელი ტემპერატურის შენარჩუნებაა.

2. ნესტი

ფოტო: Rastislav Jarunek/shutterstock

ვინაიდან თაფლს გააჩნია ნესტის შთანთქმის უნარი, ჭარბად ნოტიო ადგილები ფუტკრებისათვის სასიკვდილო განაჩენია, რადგან თაფლი ფუჭდება და სკაში ყველაფერი თავდაყირა დგება. მნიშვნელოვანია, რომ სკა მაქსიმალურად ღია და მშრალ ადგილას მოათავსოთ, რათა მან ბუნებრივად მიიღოს საჭირო ტემპერატურა და განათება.

3. შიმშილი

ფოტო: Lipatova Maryna/shutterstock

როგორც უკვე ვთქვით, ზამთრის დადგომასთან ერთად ფუტკრები წყვეტენ თაფლის გამომუშავებას და ეს ის პერიოდია, როდესაც მათი გამოკვება თქვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა ხდება. მნიშვნელოვანია, რომ სკაში საკმარისი რაოდენობის თაფლი დატოვოთ, რათა ცივ და გაუსაძლის ამინდში, ფუტკარი შიმშლისგან არ დაიღუპოს.

4. მღრღნელი

ფოტო: Dennis W Donohue/shutterstock

გარდა ნესტისა და სიცივისა, ზამთარში ფუტკარს თაგვებიც ემტერებიან, რომელთა უმრავლესობაც, სკაში შეღწევის შემდეგ მადიანად შეექცევა ფიჭას და ბუდესაც აქვე იკეთებს. სიცივისაგან დაუძლურებულ ფუტკარს კი არ ჰყოფნის ძალა ოკუპანტის მოსაგერიებლად, ნერვიულობისგან საჭიროზე მეტი თაფლის ჭამას იწყებს, საბოლოოდ კი კვდება. ასეთი საფრთხისგან თავის დასაზღვევად, უმჯობესია სპეციალური სკის ჩამკეტი გამოიყენოთ, რაც თქვენს ფუტკარს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან, საკმაოდ ეფექტურად დაიცავს.

5. ხმაური

ფოტო: Ratikova/shutterstock

ხმაური, ეს ის საფრთხეა რომელიც არამარტო ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში უნდა აარიდოთ თქვენს ფუტკარს, ამიტომ დაუშვებელია სკების ისეთ ადგილას დადგმა, როგორიც არის რკინიგზის სიახლოვეს, ავტომაგისტრალებთან, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ფერმებთან, ქარხნებთან და ა.შ

გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ დახარჯულ დროსა და ენერგიას ფუტკრები აუცილებლად დაგიფასებენ და გაზაფხულის თბილ და სასიამოვნო დღეებში გემრიელი და ხარისხიანი თაფლით გაგიმასპინძლდებიან.