ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას 2017 წლის პირველ 10 თვეში ანაზღაურების სახით 116 174 ლარი აიღო, აქედან 22 ათასი ოქტომბრის შემოსავალია. ეს ინფორმაცია On.ge-მ ცესკოდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.

იანვარ-ოქტომბერში ჟვანიას თანამდებობრივი სარგო 67 774 ლარი იყო, პრემია და დანამატები ჯამში კი - 48 400 ლარი.

ჟვანიას დანამატი ანდა პრემია მხოლოდ თებერვალსა და ოქტომბერში არ აქვს აღებული. მისი ყველაზე დაბალი დანამატი და პრემია ჯამში 4 400 ლარია, რომელიც მაისში აიღო.

აგვისტოდან ოქტომბრამდე ჟვანიას თანამდებობრივი სარგო იზრდებოდა, ოქტომბერში კი გაორმაგდა და 11 ათასს გაუტოლდა. ამდენივე იყო ოქტომბერში მის მიერ აღებული დანამატიც.

გასულ წელს ცესკოს თავმჯდომარემ ანაზღაურების სახით 197 308 ლარი მიიღო. აქედან თანამდებობრივი სარგო - 101 598 ლარი, პრემია - 31 900 ლარი და დანამატი კი - 63 810 ლარი იყო.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

On.ge დაინტერესდა რატომ გაორმაგდა თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი. ამ კითხვაზე ცესკოს პრესპიკერმა ასე უპასუხა:

"ამ საკითხთან დაკავშირებით საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ საკითხზე საზოგადოებას არაერთხელ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაშია და ინფორმაცია არის საჯარო".