თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ შეისწავლა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის საქმის გარემოებები და დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

"მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მუსტაფა ემერე ჩაბუქმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინა მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მისი პოლიტიკური მრწამსის გამო თურქეთში ემუქრებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხე და სამინისტროს თავადაც მიუწვდებოდა ხელი აღნიშნულ მტკიცებულებებზე, მან აღნიშნული მტკიცებულებების იგნორირებით უარი უთხრა მოსარჩელეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე", - აღნიშნული იყო სარჩელში.

მოსარჩელეების აზრით, სწორედ ამ მიზეზით დაირღვა ლტოლვილთა სტატუსის შესახებ საერთაშორისო კონვენცია და საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 7 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ამბობდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ევროპული დონის ციხეში მოხვდება და წამებას არ დაექვემდებარება.