ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიუღებელია პროგრამული შეზღუდვების თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანა. ქარტიის განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეყილებაზე პოლიტიკური გავლენის ეჭვები არსებობს, მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა კი, შესაძლოა, გამოყენებული იყოს პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი ტელევიზიის წინააღმდეგ:

"უმჯობესია მარეგულირებელმა კომისიამ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად არსებული თვითრეგულრიების მექანიზმების გააქტიურებაზე იმუშაოს. ამასთან, თუკი დადგება რეალური საფრთხე ან შუღლის გაღვივების ან/და სახელმწიფოებრივი წყობილების შეცვლისკენ მოწოდების, არსებული საკანონმდებლო აქტები იძლევა რეაგირების უფრო მეტად ეფექტიან საშუალებას, ვიდრე ეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში იქნებოდა."

რას ითხოვს კომუნიკაციების ეროვნული კომისია?

კომისიის ინიციატივით, მაუწყებელს სანქცია უნდა დაეკისროს თუ ის დაარღვევს შემდეგ ნორმებს:

  1. იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა;
  2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის;
  3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას;
  4. იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ რომელიმე გადაცემაში ეს მუხლები დაირღვა შეუძლია, მიმართოს მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოს, რაც ნიშნავს იმას, რომ თავად მაუწყებელი იმსჯელებს დარღვევის შესახებ. კომუნიკაციების კომისიის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კი მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ამ მუხლების დარღვევაზე სამსჯელოდ მიმართონ კომისიას ან სასამართლოს. გარდა ამისა, კომისიასაც შეეძლება საკუთარი ინიციატივით დაიწყოს საქმის წარმოება, დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ქარტიის განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის ფულადი დაჯარიმებაა. მაშინ კომისიამ სწორედ 56-ე მუხლში არსებული ჩანაწერის საფუძველზე აღინიშნა, რომ ამ არხის ეთერში გადაცემული ბადრი პატარკაციშვილის მიმართვა ქმნიდა კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საფრთხეს.

კომისია საკუთარ დასაბუთებაში ცვლილების საჭიროებას ევროპული დირექტივით ხსნის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მტკიცებით, ევროპის დირექტივა ქვეყანას ავალდებულებს შექმნას ეფექტიანი მექანიზმი სიძულვილის ენის თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, თუმცა ეს მექანიზმი რა იქნება, თავად ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით.