დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტს ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, მასპინძლებმა სტუმრებს ქართული კინოს ისტორია გააცნეს. მათ, ასევე, ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების ბაზაზე.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, დევიდ ლინჩის ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ფსიქოსოციალური პროგრამით ეხმარება ომის ვეტერანებსა და საგზაო მოძრაობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

შეხვედრაზე განათლების სამინისტროს სახელით მინისტრმა მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭიროს დევიდ ლინჩის ინიციატივას. მინისტრის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის დაარსების თაობაზე.