თბილისის საკრებულოს დეპუტატი ევროპული საქართველოდან გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ თბილისის ახლად არჩეულ მერს, კახა კალაძეს არ აქვს პასუხი, რატომ დარჩნენ თანამდებობებზე დავით ნარმანიას გუნდის წევრები. ამის შესახებ გაბაშვილმა თბილისის საკრებულოში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპული საქართველო საკრებულოში თბილისის მთავრობის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს.

"კალაძის მიმართ მთავარი შეკითხვა იქნება საიდან შეარჩია შავბნელი, შავრაზმული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური წარმომადგენელი მერიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე იქნება შეკითხვა კალაძის მიმართ, რატომ ვერ შეძლო ნარმანიასთვის სუს-ის მიერ მიჩენილი მოადგილის, ნიკოლეიშვილის გამოცვლა", - განაცხადა გაბაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარიკა დათუკიშვილი გაბაშვილის მოსაზრებას იზიარებს და ისიც ფიქრობს, რომ კახა კალაძეს კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციური პარტიების მიერ გაჟღერებული პრეტენზიების შემდეგ განმარტა, რომ მერი მთავრობის წევრების შესახებ ინფორმაციას წერილობით წარადგენს.

"მისი მოსვლა საკრებულოში რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის", - დასძინა ტყემალაძემ.

რამდენიმე დღეა მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ ნუგზარ ჭონქაძეზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანდიდატი სიძულვილის ენით გამოირჩეოდა ფეისბუკში. კალაძეს კი სჯერა, რომ შერჩეული კანდიდატი საქმიანობას კარგად შეასრულებს.

ჭონქაძემ 16 ნოემბერს დაადასტურა, რომ სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით ფეისბუკანგარიში მას ეკუთვნოდა:

"ეს გვერდი შეიქმნა ამისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ასეთი ხისტი პოზიციის დაფიქსირება და ვერ აფიქსირებდა. მარტო მე კი არ ვაფიქსირებდი, იქ ძალიან ბევრი კომენტარებში აფიქსირებდა თავის აზრებს."