ჯოან როულინგის და Warner bros-ს კიდევ ერთი საჩუქარი- ჯადოსნური ცხოველები ბრუნდებიან, თან მარტო კი არა გრინდევალდის ბოროტ გეგმებთან, ახალგაზრდა დამბლდორის ამბიციებთან და ნიუტ სკამანდერის თავგადასავლებთან ერთად. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, დღეს ოფიციალური თიზერი გამოვიდა.

ბურუსი, სრული გაურკვევლობა და უცნაური კავშირები აი რა ინფორმაცია მივიღეთ ახალი თიზერისგან, რომელსაც პირველი ნაწილის შემდეგ სულმოუთქმელად ველოდით. გული არ გაიტეხოთ, რამდენიმე საინტერესო ინფორმაციის გაშიფვრა მაინც შევძელით.

ჯერ ის ფაქტი აღვნიშნოთ რომ ახალგაზრდა დამბლდორის როლში ჯუდი ლოუ საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. მართალია თეთრი, ფუმფულა წვერის და ნახევარმთვარისებრი სათვალის გარეშე ალბუსის წარმოდგენა შეუძლებლად მიგვაჩნდა, მაგრამ ვაღიაროთ რომ უხდება. არანაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება ახალგაზრდა გრინდევალდი. თუმცა ეს არავის გვიკვირს, რადგან როლი ჯონი დეპს ერგო.

კარგად დავაკვირდეთ სურათს,რა საინტერესო დეტალებს ხედავთ?

პირველ რიგში, ეზრა მილერი დაგვიბრუნდა ხალხნო! მისი პერსონაჟის, კრედენსის ბედი პირველი ფილმის ბოლოს გაურკვეველი დარჩა, თუმცა როგორც ჩანს მომდევნო ნაწილშიც ითამაშებს თავის როლს, დიდ ჯადოქრულ ომში.

მესმის რომ ჯონი დეპის მომხიბვლელობა თვალს გჭირთ, მაგრამ მაინც უკეთ დავაკვირდეთ ჯოხს, რომელიც ხელში უჭირავს. დიახ, ეს ანწლის ჯოხია, ყველაზე ძლევამოსილი ჯოხი მსოფლიოში, რომელიც უფროსმა პერეველმა სიკვდილს გამოსტყუა და რომლის გამოც ბნელმა ლორდმა სნეიპი სასიკვდილოდ გაიმეტა. თუ ისტორია კარგად გახსოვთ, მაშინ იცით რომ სიკვდილის საჩუქრების ძებნა დამბლდორმა და გრინდევალდმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც სიყრმის მეგობრები იყვნენ. როცა ალბუსი მიხვდა რომ ჯადოქრული ინტერესი გრინდევალდს აკვიატებად ექცა და ჯოხის ხელში ჩაგდება მხოლოდ იმიტომ სურდა რომ სამყარო ემართა, მას დაუპირისპირდა. როგორც ჩანს ახალ ნაწილში სწორედ ამ მოვლენების განვითარებას ვიხილავთ. ძლევამოსილი ჯოხი გრინდევალდს აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ დიად, თუმცა საშინელ ჯადოქრობებს უნდა ველოდოთ.

ფოტო: Warner Bros.

პირველი ნაწილიდან ნიუტ სკამანდერის მთელი რაზმი გვიბრუნდება. აქვეა მაგლი მეფუნთუშე რომელიც უნებურად გაეხვა ჯადოსნურ ინტრიგებში. მართალია ფილმის ბოლოს მეხსიერება წაუშალეს, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო მაგიურ სამყაროს ვერსად გაექცა.

საგულისხმოა ფილმის სახელიც- ჯადოსნური ცხოველები: გრინდევალდის დანაშაულებები. დაკვირვებული პოტერჰედები აუცილებლად შენიშნავდნენ, რომ ასოების ფორმა სახელში სიკვდლის საჩუქრების ნიშანს ქმნის.

და ბოლოს ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელიც თიზერიდან შევიტყვეთ, ფილმს ზუსტად ერთი წელი უნდა ველოდოთ, რადგან პრემიერა 2018 წლის 16 ნოემბერს შედგება.