თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძე დაკისრებულ მოვალეობებს კარგად შეასრულებს. ასე უპასუხა თბილისის ახალმა მერმა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ნადირაშვილის ბრალდებებს ჭონქაძის მიერ გამოთქმული სიძულვილის ენის შესახებ.

"წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსურ პოლიციაში, წლების განმავლობაში იყო პროგრეს ბანკის უსაფრთხოების ხელმძღვანელი. სხვა რომელ წარსულზე მელაპარაკებით?.. არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა", - თქვა კალაძემ ჭონქაძეზე.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ჭონქაძე სოციალურ ქსელში სულიკო კედელაშვილის სახელით იყო დარეგისტრირებული და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს ავრცელებდა. პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ კედელაშვილის სახელით რეგისტრირებული ფეისბუკი გაუქმებულია.

On.ge-მ სულიკო კედელაშვილის სახელით ფეისბუკზე ვერავინ მოიძია, თუმცა სხვადახვა ონლაინმედიასაშულებაში ამ სახელით რეგისტრირებული პირის სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებია გავრცელებული. იმის გამო, რომ სავარაუდოდ, თანამდებობის პირს ეხება აღნიშნული განცხადებები საილუსტრაციოდ გთავაზობთ ამონარიდს ფეისბუქპოსტიდან, რომელიც qartuliazri.ge-მ გაავრცელა:

"ჯერ იყო და პიდარასტები არ ვართ, პედერასტია სამედიცინო ტერმინიაო. კაი იყავით - დავეთანხმეთ. მერე არა, პედერასტები არ ვართ, ცისფერები ვართო. კაი ჯანდაბას თქვენი "თავი", იყავით ცისფერები-თქო... ჩამოყალიბდით რა ბოლო-ბოლო, ვინ ხართ, რა დაგიძახოთ და მოათავეთ რა! და „ვაბშე" ტერმინი თემი იცით საერთოდ რას ნიშნავს?! თქვენ თვითონვე გიტყდებათ ეგ ამბავი და აღარ იცით რითი "გაკეთილშობილდეთ".

On.ge ნუგზარ ჭონქაძის კომენტარისთვის თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. იმ შემთხვევაში თუ ჭეიშვილი ამ საკითხზე საუბარს გადაწყვეტს, On.ge შემოგთავაზებთ.