თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში აპოლო - კინომეხსიერება, წელს რვა გერმანული ფილმი იქნება წარმოდგნილი.

რვა ფილმი, რვა ამბავი, გერმანული კინოს რვა საუკეთესო ნამუშევარი, ეს არის ფილმები, რომელთაც ეკრანებზე გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ერთხელ ნანახი, სამუდამოდ გამახსოვრდება; ამ ფილმებმა მაყურებელი აიძულა, გერმანიის რეალობა ახლებურად დაენახა. იქნება ეს საშიში და ბოროტი ექიმი კალიგარი ექსპრესიონისტული სურათიდან, მშვენიერი ლოლა ცისფერი ანგელოზიდან თუ ჰაინერ კაროს გდრ-ში გადაღებული პირველი ფილმი ჰომოსექსუალობის შესახებ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მუნჯი კინოს ორი გამორჩეული ფილმის: ნოსფერატუსა და ექიმ კალიგარის კაბინეტის სეანსები ცოცხალი მუსიკის თანხლებით ჩაივლის.

სექცია აპოლო: გერმანული კინოს მეხსიერება გთავაზობთ შემდეგ ფილმებს:

ქამინგ აუთ (Coming out, 1989)

Coming Out აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი იყო, რომელიც გდრ-ში ჰომოსექსუალობის თემას ეხებოდა. ფილიპი, რომელიც ფარული გეია, მასწავლებლად მუშაობს. ის მის კოლეგას, ტანიას უყვარდება და ფილიპიც, მასთან საცხოვრებლად გადადის. ტანიას სახლში კი, მას მისი ძველი ბოიფრენდი ხვდება, რომელთან დაშორებაც ოდესღაც, მშობლებმა აიძულეს. ფილიპი აცნობიერებს, რომ წლების განმავლობაში ის თავის სექსუალურ ორიენტაციას იხშობდა. ის ჩუმად მიდის გეი ბარში და აი აქ, მას მათიასი უყვარდება. ახლა ფილიპს ისღა დარჩენია, რომ აღიაროს ყველაფერი ტანიას და მათიასის წინაშე.

ფილმის ჩვენებას დაესწრება მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი მათიას ფრაიჰოფი.

ექიმ კალიგარის კაბინეტი (The Cabinet Of Dr. Caligari,1920)

ვინ არის კალიგარი - ექიმი თუ მკვლელი? ამის გარკვევას ახალგაზრდა სტუდენტი ცდილობს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ექიმი თავის ბოროტ ზრახვებს ჩეზარეს დახმარებით ახორციელებს. ის საკუთარ გამოძიებას იწყებს. ამავე დროს მაყურებელი ხედავს, რომ სტუდენტი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია, ექიმი კალიგარი კი - მისი დირექტორი.

რობერტ ვინეს ამ ფილმით მსოფლიომ 1920 წელს პირველად ნახა ექსპრესიონიზმი დიდ ეკრანზე. ექსპრესიული მაკიაჟი, გამოკვეთილი, წვეტიანი ფორმები და დამახინჯებული სამყარო - ასეთია ექიმ კალიგარის კაბინეტის ვიზუალური სამყარო.

ცისფერი ანგელოზი (The Blue Angel, 1930)

პატარა ქალაქის მიუზიკჰოლში თვალისმომჭრელი სილამაზის ლოლა მუშაობს. ის ყოველ ღამით მუსიკალურ ნომრებს ასრულებს. მისი ეროტიზმით გაჯერებული ნომრების თაყვანისმცემლებს შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან. როდესაც მკაცრი პროფესორი რათი მოსწავლეების საეჭვო გართობის შესახებ შეიტყობს, გადაწყვეტს, საკუთარი თვალით ნახოს საეჭვო რეპუტაციის მქონე დაწესებულება. სწორედ აქ აღმოაჩენს ის ლოლას, რომელიც უზომოდ შეუყვარდება. მათი ნაჩქარევი ქორწინება პროფესორს საზოგადოებისგან გარიყავს და ის თანდათანობით დეგრადაციას განიცდის. მისი განადგურება მწვერვალს აღწევს მაშინ, როდესაც ყოფილი სწავლული სცენაზე კლოუნის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოდის...

გერმანია - ფერმკრთალი დედა (Germany, Pale Mother, 1980)

ფილმში მოქმედება ვითარდება გერმანიაში ნაციზმისა და მეორე მსოფლიო ომის ხანაში. ფილმის ცენტრში სამი გმირია: მამაკაცი, ქალი და ბავშვი. 1939 წელია. ჰანსმა და ელენემ ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე იქორწინეს. ჰანსს მეორე დღესვე ომში აგზავნიან. დაბომბვის დროს იბადება მათი შვილი - ანა. დრო გადის. ომის დროს ელენე იძულებულია ნათესავებთან გადავიდეს ბერლინში, ბრძოლის ქარცეცხლში შვილი ხან მხრებით ატაროს, ხან ხელიხელჩაკიდებულებმა იარონ და თოვლიან ტყეებში გზა გაიკვლიონ. გაზაფხული დგება და ტყე სავსეა დახოცილების გვამებით. ელენე კი გაუპატიურების მსხვერპლი ხდება. მართალია, ჰანსი ომიდან ბრუნდება, მაგრამ ის ძალიან შეცვლილია. ძნელია ისევ ერთად ცხოვრება, არადა სამივე ასე დიდხანს ელოდა ამას - მამაც, დედაც და ბავშვიც.

13 მთვარის წელს (In a Year with 13 Moons, 1978)

ფილმი მოგვითხრობს ტრანსსექსუალი ქალის, ელვირას ცხოვრების ბოლო რამდენიმე დღის შესახებ. მას ადრე ერვინი ერქვა. ელვირას პარკში სექსის მცდელობისთვის სცემენ, რის შემდეგაც შინ, დიდი ხნის საყვარელთან, ქრისტოფთან ბრუნდება. ეს უკანასკნელი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და როდესაც აცხადებს, რომ სამუდამოდ მიდის, ელვირა სასოწარკვეთილი ცდილობს მის შეჩერებას. ელვირას მხსნელად მოევლინება მეგობარი ზორა. მეგობრები მოინახულებენ სასაკლაოს და ობოლ ბავშვთა თავშესაფარს, სადაც ელვირა გაიზარდა. ამ დროს მას ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან და ყოფილ საყვარელთან, ანტონ ზაიცთან. ეს იყო დრო, როდესაც მან სქესის შეცვლა გადაწყვიტა.

ნოსფერატუ (Nosferatu, 1922)

თომას ჰუტერი ვისბორგში უძრავი ქონების სააგენტოს მდივანია. ის ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლთან, ელენთან ერთად. ერთ დღეს უფროსი ტრანსილვანიაში საქმეზე აგზავნის - ის უნდა მოელაპარაკოს ბარონ ორლოკს ბინის შეძენასთან დაკავშირებით. ელენი გრძნობს, რომ რაღაც რიგზე არ არის და ქმარს საფრთხე ელის, მაგრამ თომასის შეჩერება შეუძლებელია. ჰუტერი ციხე-კოშკის მეპატრონეს ღამით ხვდება და ეს უკანასკნელი კონტრაქტზე ხელს მოაწერს. როდესაც ჰუტერი მეორე დილას იღვიძებს, კისერზე პატარა წითელ წერტილებს აღმოაჩენს და ხვდება, რომ განსაცდელი მოახლოვდა. ორლოკი ვამპირია. ჰუტერი დაუყოვნებლივ გარბის ციხე-კოშკიდან. ის შიშობს, რომ სული მის ცოლს არ მიადგეს.

პარიზი, ტეხასი (Paris, Texas, 1984)

ჰანდერსონების ოჯახი წლების წინ დაიშალა. მას შემდეგ თრევისს არც თავისი ყოფილი მეუღლე ჯეინი უნახავს და არც შვილი - ჰანთერი. განქორწინების შემდეგ, თრევისი ოთხი წელი არსად ჩანდა. შემდეგ მას ვხედავთ ტეხასის უდაბნოში, ერთ პატარა ქალაქში. მას არც კი ახსოვს თავისი წარსული. ძმის დახმარებით ის მეტყველების უნარს იბრუნებს. თანდათან გაუცხოებულ შვილთან ურთიერთობის აწყობასაც ახერხებს, ბოლოს ისინი ერთად მიდიან ჯეინის საძებნელად.

შვიდი მოგზაურობა (Seven Journeys, 1947)

ნაცისტური გერმანიის მესამე რაიხის წლებია. მანქანა საკუთარ ისტორიას ჰყვება და ეს ისტორია მის შვიდ მფლობელს უკავშირდება. ერთ-ერთი მფლობელი ჰიტლერის პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო, რომელიც იძულებული ხდება გაიქცეს ჰიტლერის სახელმწიფოს სათავეში მოსვლისთანავე; ასევე იყო კომპოზიტორი, რომელსაც აუკრძალეს მუსიკალური საქმიანობა; შემდეგ იყო გალერისტი, რომელიც თავის ებრაელ ცოლთან ერთად, დამსხვრეული ვიტრინების ღამის დროს, იძულებულია, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს; წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, რომელსაც გაქცევისას კლავენ; ჯარისკაცი სუსხიანი რუსული ზამთრის დროს; დიდგვაროვანი მოხუცი ქალი, რომელსაც დევნიან, რადგანაც მისმა შვილმა ჰიტლერის მოკვლა სცადა; და ბოლოს, ლტოლვილი ქალი და მისი შვილი, რომელსაც გზად ახალგაზრდა ჯარისკაცი ეხმარება.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გაიგეთ მეტი: