რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დუმის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც მედია, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად უნდა დარეგისტრირდეს, იყო აშშ-ისთვის საპასუხო ნაბიჯი.

"გვაიძულეს რუსული მედიის, კონკრეტულად RT-ს მიმართ განხორციელებული რეპრესიული მოქმედებების საპასუხო ზომები მიგვეღო. როგორც იცით, სანქციებისა და დაკავების მუქარით RT-ს უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიენიჭა", - განაცხადა ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება RT, ამერიკაში უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირდა. უცხო ქვეყნის აგენტთა რეგისტრაციის კანონის (FARA) მიხედვით, რეგისტრაცია არხს მაუწყებლობას არ უკრძალავს და არ უზღუდავს, თუმცა ტელეარხს მოუწევს საჯაროდ განაცხადოს, რომ მას კრემლი აფინანსებს.

ოთხშაბათს რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც საერთაშორისო მედიასაშუალებებისაგან "უცხო ქვეყნის აგენტად" რეგისტრაციას ითხოვს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლების სამ საინფორმაციო სააგენტოს გაფრთხილება უკვე გაუგზავნა, თუმცა მის წერილში მითითებული არ იყო, თუ რა შეზღუდვები უწესდება აღნიშნულ ორგანიზაციას.

რუსეთში 2012 წლიდან "უცხო ქვეყნის აგენტის კანონი" მოქმედებს და ის არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდება. კრემლი მას ხშირად იყენებს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმების ჩასახშობად. იმ 148 ორგანიზაციიდან, რომელიც რუსეთმა ამ კანონით დაარეგისტრირა, 27 დაიხურა. ბევრი უცხოური ორგანიზაცია ქვეყნიდან გააძევეს. ჯერჯერობით უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ახალი კანონი უცხოური მედიასაშუალებების მაუწყებლობის აკრძალვას, დახურვას ან მათ ქვეყნიდან გაძევებას.

გაიგეთ მეტი: კრემლის მედიააგენტები აშშ-ში და მოსკოვის საპასუხო სვლა