Hulu-მ ორი ემის მფლობელი სერიალის The Handmaid's Tale-ის მეორე სეზონი დაადასტურა. მხევლის წიგნი ახალი სეზონით ეკრანებზე 2018 წლის აპრილში დაბრუნდება.

ჰულუს ინფორმაციით, მეორე სეზონზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

სერიალის რეჟისორი რიდ მორენო 22 წლის შემდეგ პირველი ქალი რეჟისორია, რომელმაც Emmy მიიღო. მხევლის წიგნი წელს ემიზე საუკეთსო დრამატულ სერიალადაც აღიარეს, ორ მსახიობს - ელიზაბეტ მოსსა და ენ დოუდს კი საუკეთსო ქალი მსახიობის ნომინაციაში ჯილდო გადაეცათ.

მხევლის წიგნში დისტოპიური სამყაროა აღწერილი: ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არსებობს, ძალაუფლება მთლიანად რელიგიური მამაკაცების ხელში აღმოჩნდა და დამყარდა ქრისტიანობის სახელით შენიღბული დიქტატურა.

რელიგიური მოტივებით, ქალებს წაერთვათ საკუთრების ფლობისა და საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება. ახლა ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მთლიანად კაცებისა და ქვეყნის საჭიროებებს ემსახურებიან.

ეტვუდის რომანი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ, ხოლო რელიგიას საშიშ იარაღად აქცევენ.

რაც მთავარია, წიგნი ერთ თავზარდამცემ სიმართლესაც გვიმხელს, ეტვუდი სარკეში გვახედებს და გვეუბნება, რომ თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ეს ააღელვებს.