საქართველოს კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებზე საუბარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. თუმცა, გადაწყვეტილება ამ საკითხზე მაშინ არ მიუღიათ. ამის შესახებ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ეს სიურპრიზი ბუნებრივია არ ყოფილა, ჩვენ ვსაუბრობდით, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, უბრალოდ, ჩვენ მინისტრები ასე ღრმად არ შევსულვართ კონკრეტული [საშტატო ერთეულების] რაოდენობების დათვლაზე. უფრო პრინციპულად და შინაარსობრივად ვსაუბრობდით", - აღნიშნა გიორგაძემ.

13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ოთხი სამინისტროს გაუქმება ისაუბრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. მინისტრის თანამდებობაზე კი დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება და გაერთიანებულ სამინისტროს ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.