ქართული ოცნების წევრი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, არჩილ თალაკვაძე ახლადარჩეულ მერთან ერთად მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ თალაკვაძემ ფეისბუკში დაწერა.

"ხალხმა საკუთარი არჩევანი გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ საოლქო კომისია ერთ უბანთან დაკავშირებულ დავას განიხილავს, ჩემთვის საზოგადოების არჩევანი ნათელია და პატივს ვცემ ოზურგეთელების გადაწყვეტილებას. მე მზად ვარ გამარჯვებულს მივულოცო", - წერს თალაკვაძე.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის მერის არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატმაშ ბეგლარ სიორძიემ ხმების 49,89 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 50,11 პროცენტი. მერად არჩევისთვის აუცილებელი იყო კანდიდატს 50-პროცენტიანი ზღვარი გადაელახა.

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბმა ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის გაყალბების მზადებაში 11 ნოემბერს დაადანაშაულა. მაშინ არჩილ თალაკვაძე ამბობდა, რომ მათი კანდიდატის არჩევნებში გამარჯვების შესახებ მისმა კონკურენტებმაც იცოდნენ და ტყუილების მოგონება დაიწყეს.

მანამდე, 2017 წლის 8 ნოემბერს, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი კანდიდატის წარმომადგენელს, გიორგი როყვას დაემუქრნენ და დააშანტაჟეს.