პოლიციის თანამშრომლებმა ბავშვთა სამყაროს დაწვით დაზარალებულ ადამიანებს საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობასთან კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები ხანძრის გაჩენის საქმის გამოძიებას ითხოვდნენ.

ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა, ჩანს თუ როგორ გამოჰყავთ კარავში მსხდომი ქალები პატრულის თანამშრომლებს. ქალების კარვიდან გამოყვანის შემდეგ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე პირმა კარვის დეტალები წაიღეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ აქციის მონაწილეები კარავს ტროტუარზე შლიდნენ. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს პატრულის თანამშრომლებმა მოუწოდეს, რომ კარავი არ გაეშალათ.

თბილისში, სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში 30 იანვარს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა შენობა, დაზარალდა ათობით მოვაჭრე, რომლებსაც სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარე ბაზრობებზე ტანსაცმლის, ავეჯის, ოქრო-ვერცხლის მაღაზიები ჰქონდათ.