დღეს, 14 ნოემბერს, თბილისის საკრებულოს მეექვსე მოწვევის სხდომაზე, თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ის სამგორის რაიონის მაჟორიტარად წარადგინა. წინა, მეხუთე მოწვევის საკრებულოში გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

2007-2012 წლებში იგი თბილისის საკრებულოს საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის დროებით კომისიასა და ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიას თავმჯდომარეობდა.

დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნას. პირველ მოადგილედ დაინიშნა გიორგი ახვლედიანი, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას კი დაიკავებენ მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.