ქუთაისში, ტორპედოს სტადიონთან, სადაც საქართველოსა და ბელორუსიის ნაკრებებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი იმართებოდა ქართული მარშის წევრები შეიკრიბნენ. ქართული მარშის აქტივისტებმა ლგბტ დროშა დაწვეს.

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ქართული მარშის მონაწილეთა ნაწილი სტადიონის ეზოში შეიჭრა. On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აქციის დროს არავინ დაუკავებიათ.

მატჩის პირველ ნახევარში ვიცეკაპიტანი გურამ კაშიაც თამაშობდა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ლგბტ დროშის სამკლაურით ითამაშა. ქართული მარშის მონაწილეებიც სწორედ ამას აპროტესტებდნენ ქუთაისში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ქართული მარში ჰომოფობიური შინაარსის აქციას მართავს. ამ ჯგუფის აქციები, რომელზეც ქსენოფობიური შინაარსის განცხადებებიც ვრცელდებოდა თბილისში რამდენჯერმე გაიმართა.