თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე მადლობას იხდის მიღებული შეთავაზებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე შესვენებას გეგმავს. ამის შესახებ ლექვინაძემ დღეს, 13 ნოემბერს ფეისბუკზე დაწერა.

"ეს იყო გამოწვევებით, პრობლემებით და საინტერესო პროექტებით დატვირთული პერიოდი", - ასე აფასებს ლექვინაძე მერიაში მუშაობის 32-თვიან საქმიანობას.

ფეისბუკპოსტში ის შეთავაზებაზე არ საუბრობს, იხდის მადლობას და წერს, რომ რჩება გუნდის გულშემატკივრად.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის უკეთ გაკეთება ყოველთვის შეიძლება, ჩვენი გუნდი გულწრფელად და მაღალი მოტივაციით ცდილობდა ეპასუხა ყველა გამოწვევისთვის", - წერს ლექვინაძე.

დღეს თბილისის ახალმა მერმა, კახა კალაძემ თავისი გუნდის წევრები დაასახელა. მერის ძველი მოადგილეებიდან თანამდებობა მხოლოდ ერთმა - გიგა ნიკოლაიშვილმა შეინარჩუნა.