2017 წლის 14 ნოემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, გაიმართება კონფერენცია "სტატისტიკური მონაცემების ანალიზი პოლიტიკის დაგეგმვისთვის - საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების სიღრმისეული ანალიზი." კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სამი თემატური ანალიზის ძირითადი მიგნებები:

  • მოსახლეობის დინამიკა საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა;
  • მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა;
  • ახალგაზრდები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა.

აღნიშნული კონფერენცია ეწყობა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების სიღრმისეული ანალიზის მიგნებების წარსადგენად. მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ ამ მონაცემების მნიშვნელობასა და გამოყენებაზე შესაბამისი პოლიტიკისა და გეგმების შემუშავებისათვის ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით. აღნიშნული ანალიზი გვაწვდის მტკიცებულებებს პოლიტიკის შემუშავებისა და პროგრამების დაგეგმვისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მოზარდები და ახალგაზრდები, მოსახლეობის დაბერება და მოსახლეობის დინამიკა, გენდერული თანასწორობა.

2016-2017 წლების განმავლობაში, შვედეთის მიერ დაფინანსებული UNFPA-საქსტატის პროექტის ფარგლებში - სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზში მოსახლეობის დინამიკის, დაბერების და ახალგაზრდების საკითხებზე და აღწერის მონაცემთა გენდერული ანალიზის ჩასატარებლად. ანალიტიკური მონოგრაფიები შემუშავდა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გუნდის მიერ ეროვნულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან კონსულტაციით.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის, სამთავრობო სტრუქტურების, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სამეცნიერო წრეების, კვლევითი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.