საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოთხი სამინისტროს გაუქმება დაადასტურა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

გაუქმებულ სამინისტროებს შორის მოხვდა:

  • ენერგეტიკის სამინისტრო;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტრო გაერთიანდა;
  • ევროპულ და ევროინტეგრაციის სამინისტრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. მინისტრის თანამდებობაზე კი დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.