წინასწარი შედეგებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოზურგეთის მერის თანამდებობაზე დამოუკიდებელი კანდიდატი, კონსტანტინე შარაშენიძე აირჩიეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე არსებული მონაცემებით, შარაშენიძემ ხმების 50,11% მიიღო და კონკურენტი მმართველი გუნდიდან მხოლოდ 79 ხმით დაამარცხა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნება ოზურგეთი ერთ-ერთი უბანის შედეგების გაუქმებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, #59 უბანზე ხმათა უმრავლესობა მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა და აღნიშნული უბნის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოზურგეთის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად.

რაც შეეხება ქუთაისს, ყაზბეგს, ხაშურს, ბორჯომსა და მარტვის, ყველა ამ თვითმმართველ ერთეულში, არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის, ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.