საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი როყვას სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ოზურგეთის მერობის კანდიდატის წარმომადგენელზე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ძალადობა განხორციელდა.

"საგამოძიებო ორგანომ გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. გამოძიების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შესაძლო ძალადობის მუქარით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ გავლენას დაზარალებულზე",- აცხადებენ საიასში და საგამოძიებო უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წევრები გიორგი როყვას მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ რამდენიმე დღეა საუბრობენ და ქართული ოცნების ოზურგეთის მერობის კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს აბრალებენ. მმართველ პარტიაში კი დამოკიდებელი კანდიდატი ინტერსებზე საუბრობენ.

რამდენიმე დღის წინ, 2017 წლის 8 ნოემბერს, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი კანდიდატის წარმომადგენელს, გიორგი როყვას დაემუქრნენ და დააშანტაჟეს. დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელმა შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც გაასაჯაროვა.

შეტყობინებების მიხედვით, ირაკლი სირაძეს ბეგლარ სიორიძის მხარდამჭერებისთვის უნდა დაედასტურებინა, რომ გიორგი როყვა კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი არ ყოფილა.

On.ge-მ დარეკა ტელეფონში გიორგი როყვას სახელით მითითებულ ნომერზე, თუმცა მობილური ტელეფონი გათიშული იყო. ამავე ნომრით ფეისბუკში გიორგი როყვას სახელით იძებნება ერთი პირი, რომელსაც ყველა ფოტო წაშლილი აქვს, დევს მხოლოდ რამდენიმე ვიდეოკლაჟი, სადაც როყვა ფიგურირებს.

რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ გიორგი როყვა სამართალდამცავ უწყებაში გამოიკითხა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მის მიმართ ზეწოლა არ ყოფილა და შეტყობინებები ირაკლი სირაძისათვის არ გაუგზავნია.