თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

წარმოგიდგენთ ქართული ფილმების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთა ნახვაც ფესტივალის სტუმრებს შეგეძლებათ.

ხიბულა - გიორგი ოვაშვილი

ხიბულა ოვაშვილის ტრილოგიის ბოლო ნაწილი იქნება. პირველი ფილმი, გაღმა ნაპირი 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ხოლო მეორე, სიმინდის კუნძული - 2014 წელს.

დრამის ეპიცენტრში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაა, სიუჟეტი კი მისი ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეს ასახავს.

ზვიად გამსახურდიას როლის შემსრულებელს გიორგი ოვაშვილი დიდხანს ეძებდა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მსახიობებს შორის, საბოლოოდ კი არჩევანი ირანელ მსახიობ ჰოსეინ მაჰჯუბზე შეაჩერა.

საშიში დედა - ანა ურუშაძე

საშიში დედა, რომელშიც მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.

ფილმი 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

საშიში დედა წელს საქართველოს სახელით ოსკარზეა გაგზავნილი.

ნამე - ზაზა ხალვაში

ზაზა ხალვაშის ახალ ფილმში მოქმედება აჭარის მაღალმთიანეთში ხდება. რეჟისორი ძველ ქართულ მითოლოგიაზე დაყრდობით ერთი ოჯახის ისტორიას აცოცხლებს, სადაც მამა ქალიშვილი და სამი ძმა, მღვდელი, მოლა და ათეისტი ცხოვრობს.

ლუკა - გიორგი ბარაბაძე

ფილმში მოთხრობილია ახალგაზრდა სვანი ქალის, ლილეს ისტორია. აფხაზეთი საომარ მდგომარეობაშია. ლილე ტოვებს სვანეთს და გალში ჩადის, სადაც მისი აფხაზეთში დაღუპული შვილის ჩამოსვენებას ელოდება დედამთილთან ერთად. თანდათან იკვეთება მისი ოჯახური დრამის დეტალები.

ჩემი ბედნიერი ოჯახი - ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი

ნანას და სიმონის ჩემი ბედნიერი ოჯახი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული ფილმია. ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელშიც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მოვლენების ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს.

სავარძელი - ელდარ შენგელაია

ელდარ შენგელაიას ახალ ფილმი, რომელიც ძალაუფლების მოყვარულ ადამიანებს ეხებათ. ფილმში მთავარ როლს ნიკა თავაძე ასრულებს. კინოსურათში ნინელი ჭანკვეტაძესა და ნანა შონიასაც ვიხილავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ელდარ შენგელაიას ახალ ფილმში ვიტალი ხაზარაძის სამსახიობო დებიუტი შედგა. ის პრემიერ-მინისტრის როლს ასრულებს.

მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე - ელენე ნავერიანი

ახალგაზრდა ქალი, სახელად აპრილი, თბილისის ღამის კლუბში მუშაობს. იქ ხვდება ნიგერიელ დიჯეის, რომელიც ამერიკის ჯორჯიის ნაცვლად, შეცდომით საქართველოში აღმოჩნდა.