საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლისის ტბის ფერდობზე, 320-ადგილიანი, თანამედროვე, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა.

როგორც სამინისტრო აცხადებს, საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

ფოტო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა. როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო, აშენდა 3 საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. ასევე, გაკეთდა კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. გაკეთდა შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და დამონტაჟდა გარე განათება. ტერიტორია კეთილმოეწყო და გამწვანდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 5,250,777 ლარი შეადგინა.

ფოტო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მშენებლობა 2015 წელს პრემიერმინისტრის ინიციატივით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინებია. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ფოტო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა განთავსებას, უახლოეს მომავალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით პროცედურებს შეიმუშავებს.