საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინული პარტია ახალი ძალების მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ონიანის დაკავება ავადმყოფური საქციელია.

"დღეს მე ვარ აღშფოთებული. ეს იმდენად სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. მართლა ძალიან მაგარი ადვოკატია, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. ავადმყოფი ადამიანის ტვინში რა დაიბადება, ახლა ჩემს ტვინში აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ეს შესაძლებელიც კი არის. საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, მაგრამ არაუშავს ეს ყველაფერი დროებითია", - განაცხადა სააკაშვილმა.

ადვოკატი გიორგი ონიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ დღეს დილით, 7 ნოემბერს გამოაცხადა. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ონიანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, პოლიტიკურ დევნასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. ის ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ სცნეს.