"გარკვეული აჟიოტაჟის შედეგად, ამ ტექნიკის მფლობელმა, ბერა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა ტექნიკა. ამ ეტაპზე ეს [ტექნიკა] ძალიან გვჭირდებოდა, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ამისი და მომავალშიც ძალიან გაგებით და მადლობით შევეგებებით, ვინც ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ მოამბესთან განაცხადა.

ნიშნავს, თუ არა მაღლაფერიძის განცხადება, რომ საზოგადოებრივი ბერას ნაჩუქარი ტექნიკის აღებას თანხმდება? GPB-ის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თიკო ბერძენიშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ განათების ჩუქების საკითხთან დაკავშირებით, ხუთშაბათამდე კომენტარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, 6 ნოემბერიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უკვე უნდა გავიდეს ის გადაცემები, რომლის განათებაც ბერა ივანიშვილის კომპანიისგან დაქირავებული ტექნიკით იგეგმებოდა.

საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემის სტუდიების განათების დასაქირავებლად გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც ბერა ივანიშვილის კომპანიამ გაიმარჯვა. კომპანიას სტუდიები 346 098 ლარად 9 თვის განმავლობაში უნდა გაენათებინა.

ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ბერამ ტექნიკის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ჩუქება გადაწყვიტა. მისი თქმით, მან არც კი იცოდა, რომ ამ ტექნიკას ფლობდა, არ სჭირდება და პირველ არხს ჩუქნის.

გუშინ, 5 ნოემბერს, საზოგადოებრივმა ტენდერი შეწყვიტა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ტექნიკის ქირავნობა აღარ სჭირდება, თუმცა როგორც თიკო ბერძენიშვილმა On.ge-სთან განმარტა, ჯერ კიდევ გუშინ, ბერა ივანიშვილის კომპანიისგან ტექნიკის საჩუქრად მიღებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.