კანონპროექტის მიხედვით, მიწისზედა ელექტროტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის ოდენობა 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზრდება. ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესატანად, პროექტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია. ის საკანონმდებლო ორგანოში 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა.

ცვლილების თანახმად, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს თანხა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მისი მიღების მიზეზია მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალების ეტაპობრივი დანერგვა.

ინიციატორის განმარტებით, ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგს, რომ გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების მავნე პრაქტიკა აღმოიფხვრება და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გაწეულ/გასაწევ ხარჯს.