დონალდ ტრამპის ვაჭრობის მდივანს, ვილბურ როსს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიძესთან საერთო ბიზნესი აქვს. სამოთხის დოკუმენტები აჩვენებს, რომ როსი ოფშორული ინვესტიციების წყალობით გადამზიდ კომპანია ნავიგატორის წილებს ფლობს.

ნავიგატორი, თავის მხრივ, თანამშრომლობს სიბურთან. ეს არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელი კომპანია, რომლის მეწილე ვლადიმირ პუტინის სიძე, კირილ შამალოვია.

მილიარდერმა და ტრამპის ახლო მეგობარმა ვილბურ როსმა ნავიგატორში წილები მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც სახელმწიფო თანამდებობაზე დაინიშნა. როსი მოგების მიღებას აგრძელებს იმ კომპანიიდან, რომელსაც პუტინის ოჯახი და ახლობლები მართავენ. ზოგიერთ მათგანს აშშ-ის სანქციებიც კი შეეხო.

ეს კიდევ ერთხელ აქტუალურს ხდის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხს. საპრეზიდენტო უფლება-მოსილების მიღებისთანავე დონალდ ტრამპის მიმართ არაერთმა ბრალდებამ გაიჟღერა არჩევნებში რუსეთის როლთან დაკავშირებით.

სამოთხის დოკუმენტები საგამოძიებო პროექტია, რომელზეც სულ 381 ჟურნალისტი და 96 მედია ორგანიზაცია მუშაობდა 67 ქვეყნიდან. 13,4 მილიონი დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას ოფშორული ზონების დამალულ იმპერიაზე. ფაილებში ფიგურირებენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები როგორებიცაა Apple, Nike და Facebook ისევე, როგორც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები - ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე, ბონო და სხვა.

გაიგეთ მეტი: