საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემის სტუდიების განათების დასაქირავებლად გამოცხადებული ის ტენდერი შეწყვიტა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიამ გაიმარჯვა. სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილება პირველ ნოემბერს მიიღო.

"ვინაიდან აღნიშნულ ეტაპზე შემსყიდველისთვის საჭიროებას აღარ წარმოადგენს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული განათების აპარატურის ქირავნობა, მიზანშეწონილია ამ ეტაპზე შეწყვეტილ იქნეს", - ვკითხულობთ სატენდერო კომისიის ოქმში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თიკო ბერძენიშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ ბერა ივანიშვილის კომპანიისგან ტექნიკის საჩუქრად მიღებაზე გადაწყვეტილება მიღებული ამ ეტაპზე არაა.

ხვალიდან, 6 ნოემბერიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უკვე უნდა გავიდეს ის გადაცემები, რომლის განათებაც ბერა ივანიშვილის კომპანიისგან დაქირავებული ტექნიკით იგეგმებოდა. კითხვაზე - როგორ მოხერხდება სტუდიების განათება, მაშინ, როცა ტენდერი შეწყდა, საჩუქრის მიღებაზე კი გადაწყვეტილება არ არსებობს - ბერძენიშვილი ასე პასუხობს:

"როგორც მოვახერხებთ ისე გავალთ ეთერში. [მაუწყებელი] ეთერში მანამდეც გადიოდა, აქ საუბარია როგორი ხარისხით გავალთ - უკეთესით თუ უარესით. საუბარია ხარისხზე და იმ მოთხოვნებზე, რაც ახალი მედიის მოთხოვნა".

რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერას ყოფილი კომპანიის, ტელეკომპანია GDS-ის ყოფილი წამყვანის, მაკა ცინცაძისა და სხვა გადაცემების სტუდიების განათების მომსახურების ტენდერში გამარჯვებულად სილქ ფაქტორი სტუდიო გამოავლინა. კომპანიას სტუდიები 346 098 ლარად 9 თვის განმავლობაში უნდა გაენათებინა. კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ბერაა.

ტენდერში გამარჯვების შემდეგ ბერა ივანიშვილმა თავისი კომპანიის ტექნიკის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ჩუქება გადაწყვიტა. გადაწყვეტილების შესახებ ბერამ 30 ოქტომბერს საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე დაწერა. მისი თქმით, მან არც კი იცოდა, რომ მისი კომპანია ამ ტექნიკას ფლობდა, არ სჭირდება და პირველ არხს ჩუქნის.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ივანიშვილები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ტექნიკის ჩუქებას გეგმავენ. რამდენიმე წლის წინ, როცა ამავე ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანია TV9 დაიხურა, ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ქონების ნაწილის გადაცემა შესთავაზა. მაშინ მაუწყებელს საჩუქარი არ მიუღია.