წითელი ჯვარი ადასტურებს, რომ დასავლეთ აფრიკაში, მაშინ, როცა ებოლას ეპიდემია მძვინვარებდა, $5 მილიონი გაუჩინარდა თაღლითობისა და კორუფციის შედეგად. ებოლას აფეთქებამ 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში 10 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, თანხები, ძირითადად, მიითვისეს სამედიცინო ინსტრუმენტების არაადეკვატურად მაღალ ფასად შეძენისას. აუდიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფული ირიცხებოდა არარსებულ თანამშრომლებზე, ასევე, ბანკის თანამშრომლებთან შეთანხმებით, გაურკვეველ ანგარიშებზე გამოგონილი გადასახადების დაფარვის საბაბით.

წითელმა ჯვარმა ებოლას ეპიდემიასთან საბრძოლველად მთელი მსოფლიოს მასშტაბით $100 მილიონის მოგროვება შეძლო. ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამს ადამიანთა დასახმარებლად განკუთვნილი თანხის დაკარგვის გამო და პირობას დებს, რომ ფინანსებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს, შესაბამის პირებს კი პასუხისმგებლობას დააკისრებს.

ჰუმანიტარული მიზნისთვის განკუთვნილი ფული მიითვისეს სიერა ლეონეში, გვინეასა და ლიბერიაში.