2018 წლის ბიუჯეტით, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის განათლების სექტორია. როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 65,6 მილიონი ლარით 1,18 მილიარდ ლარამდე.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განათლების პროგრამებს შორისაა ზოგადი განათლება, მათ შორის, გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და სხვ. გარდა ამისა, იზრდება პროფესიული განათლების პროგრამები. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, 2018 წელს ბიუჯეტით დაფინანსდება აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები, ინკლუზიური განათლება და სხვ.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს საქართველოს პარლამენტმა განიხილა. ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო.