ბრიტანეთის პოლიცია ჰოლივუდის მსახიობის კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს გამოიძიებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, Scotland Yard-ის ბავშვზე ძალადობისა და სექსუალური დანაშაულის ჯგუფი 2008 წელს მომხდარზე იმუშავებს, როდესაც სპეისი ლონდონის Old Vic თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა და როდესაც, სავარაუდოდ, კაცზე იძალადა.

ამასთან, Scotland Yard-ის წარმომადგენელმა ბრალდებულის იდენტობა არ დაადასტურა, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარი სწორედ კევინ სპეისიზეა.

ოფიციალური დოკუმენტებით, 32 წლის კაცი აცხადებს, 23 წლის ასაკში სპეისის სახლში ალკოჰოლს სვამდნენ და მის კარიერაზე საუბრობდნენ. ბრალმდებელი აცხადებს, რომ გაითიშა, სპეისიმ კი მასზე იძალადა.

ბრიტანული გამოცემა The Sun წერს, რომ კაცმა სპეისისთან სექსუალური აქტის დროს გაიღვიძა და გაჩერება მოსთხოვა. კაცი ყვება, რომ სპეისიმ გააფრთხილა მომხდარი საიდუმლოდ შეენახა.

ჰოლივუდელი მსახიობი, კევინ სპეისი არასათანადო სექსუალურ ქცევაში რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომელმა დაადანაშაულა. მის გარშემო სკანდალი დღითიდღე იზრდება.

ბრალმდებლები ყვებიან, რომ სპეისი გამოირჩეოდა შეუთანხმებელი შეხებით, შეუსაბამო სექსუალური კომენტარებით და ძირითადად ახალგაზრდა კაცებს უმიზნებდა.

კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში პირველად ენტონი რაპმა BuzzFeed-თან ინტერვიუში დასდო ბრალი. მას შემდეგ, ოსკაროსანი მსახიობი კიდევ უფრო მეტმა კაცმა დაადანაშაულა მათ მიმართ არასათანადო ქცევაში. ბრალდებების უმრავლესობა 2004-2015 წლების პერიოდს ეხება, როდესაც კევინ სპეისი ლონდონის Old Vic თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

გაიგეთ მეტი კევინ სპეისის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებების შესახებ.