საქართველოს მთავრობამ სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.

ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის, ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.). ამასთანავე, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჩნდება ვალდბეულება, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.

ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს განახორციელებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

დამსაქმებელი ვალდებული იქნება, გამოყოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ობიექტზე სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისას დაიცავს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. დადგენილებაში, ასევე, დამცავი მოაჯირების, უსაფრთხოების ბადეების, კიბეებისა და ხარაჩოების მოწყობისა და მათი ექსპლუატაციის მიმართ მოთხოვნებია გაწერილი.

დადგენილების მიხედვით, სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სწავლება, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებს.