ვისაც რ. ჯ. პალაციოს საოცრება წაგიკითხავთ, აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ეს ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე კეთილი, გულისამაჩუყებელი და გმირული ამბავია, ერთ საოცარ ბიჭსა და მის მეგობრებზე, რომლებიც პატარა ასაკში ისეთ პრობლემას აწყდებიან და ჭრიან, რომელსაც ბევრი ზრდასრული ადამიანი მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ვერ ლახავს.

სწორედ ამ ნაწარმოების ეკრანიზაციას საქართველოს კინოთეატრებში 16 ნოემბრიდან ვიხილავთ. ავგუსტ პულმანის როლს ჯეიკობ ტრამბლი ასრულებს, მისი დედის როლში ჯულია რობერტსია, ხოლო მამის - ოუენ ვილსონი.

გთავაზობთ პირველ ექსკლუზიურ კადრებს ფილმიდან, რომელიც USA TODAY-მ გაავრცელა.

ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. მას სკოლაში მისვლის ეშინია, არ იცის როგორ შეხვდებიან ახალი კლასელები, მიიღებენ თუ არა.

ფილმის გამოსვლამდე გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ წიგნი, რომლის ქართული თარგმანიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.