როგორც CNN წერს, მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში მისმა კოლეგებმა და თანამშრომლებმა, სერიალ House of Cards-ის გუნდის რვა წევრმა დაადანაშაულა.

მიუხედავად იმისა, რომ მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს, CNN-ს დაუდასტურეს, რომ კევინ სპეისი გადასაღებ მოედანზე უხეშად იქცეოდა და არაკორექტულ გამონათქვამებსაც არ ერიდებოდა.

წყაროს ინფორმაციით, მსახიობი ძირითადად ახალგაზრდებით ინტერესდებოდა, რომლებიც კარიერას ახლა იწყებდნენ და შიშისა თუ სპეისის გავლენების გამო ჩუმად ყოფნას ამჯობინებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი სერიალის პროდიუსერის თანაშემწე იყო.

"ის გამუდმებით აკეთებდა კომენტარს ჩემი მისამართით, ხშირად ეს უხამსი და არაკოლეგიალური იყო. ვუთხარი, რომ ამის გამო თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი", - იხსენებს პროდიუსერის თანაშემწე.

ბრალმდებელთაგან ერთ-ერთი კი იხსენებს, რომ კევინი მას ხშირად ეხებოდა გადასაღებ მოედანზე.

"ის არაერთხელ შემეხო, მოდიოდა და მხარზე ცდილობდა ჩემთვის მასაჟის გაკეთებას, შემდეგ კი ხელს მუცლისკენ აცურებდა", - ყვება გუნდის ერთ-ერთი წევრი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა და მუსიკოსმა ენტონი რეპმა კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. მსახიობის თქმით, ეს შემთხვევა 1986 წელს მოხდა, როცა ის 14, ხოლო კევინ სპეისი კი 26 წლის იყო. ბრალდების შემდეგ ოსკაროსანმა მსახიობმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი ახსოვს, თუმცა ბოდიში მაინც მოიხადა. ამავე განცხადებაში სპეისმა ქამინგ აუთი გააკეთა და თქვა, რომ გეია.

ამ ამბის შემდეგ, საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდნენ, რომ დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც კევინ სპეისის საპატიო ემის გადასცემდნენ, აღარ გაიმართება.

გუშინ კი სპეისის პრეს-აგენტმა New York Times-ს მისწერა, "კევინ სპეისის სჭირდება დრო სიტუაციის შესაფასებლად და სამკურნალოდ. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის."