თიბისი სტატუსმა თბილისის მე-20 საიუბილეო ჯაზფესტივალისთვის დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც გაიოზ კანდელაკი, რევაზ კიკნაძე, ზურაბ ქარუმიძე და კახა თოლორდავა ფესტივალის ისტორიაში ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელ მომენტებს და შემსრულებლებს იხსენებენ.

დღეს თბილისში რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზფესტივალი დაიწყო. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებს ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის.

2 ნოემბერს, თბილისის საიუბილეო ჯაზფესტივალს ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი TOWER OF POWER გახსნის. 4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი ჯო ლოვანო ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს. ამავე დღეს მუსიკოსი მსმენელის წინაშე თავის კვარტეტთან ერთად, კონცერტით წარდგება. თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად, რომელსაც სპეციალური სტუმარი - მსოფლიოში აღიარებული ბასისტი ედი გომესი ეყოლება. ამავე დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა და მისი ბენდის კონცერტი. აღსანიშნავია, რომ სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია. კონცერტის დაწყებამდე კი, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში, მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ, ჯაზის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა სახელწოდებით „ჯაზ- ექსპერიმენტი“.

პირველ ჯაზ-ფესტივალს თბილისმა ჯერ კიდევ 1978 წელს უმასპინძლა. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც მსგავსი ტიპის მასშტაბურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, თბილისი, დღემდე რჩება მსოფლიო დონის ჯაზ-შემსრულებლების შეკრების უცვლელ ადგილად.

რიგით მეორე ფესტივალს თბილისმა 1986 წელს, ხოლო მესამეს - 1989 წელს უმასპინძლა. 2000 წლამდე, თბილისის ჯაზფესტივალი არ ჩატარებულა, თუმცა კომპანია „ისთერნ პორმოუშენსმა“ ჯაზის მოყვარულებს ალტერნატიული მუსიკალური საღამოები შესთავაზა - სხვადასხვა დროს თბილისს სტუმრობდნენ რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი, „მანჰეტენ ტრანსფერი“ და სხვა. 2000 წლიდან კი, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი კვლავ აღდგა და დღემდე გრძელდება. ფესტივალს, ერთადერთი წყვეტა, 2000 წლის შემდეგ, 2008 წელს ჰქონდა, რისი მიზეზიც აგვისტოს ომი გახდა.

ფესტივალის წარმდგენი თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსია, ხოლო მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია არიან.

ფესტივალის პროგრამა:

  • 2 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის ივენთ ჰოლი - TOWER OF POWER
  • 4 ნოემბერი -15:00 სთ - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - JOE LOVANO - მასტერკლასი ქართველი სტუდენტებისთვის;
  • 4 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის ივენთ ჰოლი - JOE LOVANO CLASSIC QUARTET;
  • 5 ნოემბერი - 19:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - PAPUNA SHARIKADZE TRIO Featuring EDDIE GOMEZ; STANLEY CLARKE BAND.