მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლონდონის თეატრი კევინ სპეისის არასათანადო სექსუალურ ქცევებზე თვალს ხუჭავდა, მსახიობი მკურნალობის დაწყებას აპირებს.

როგორც სპეისის პრეს-აგენტმა New York Times-ს მისწერა, "კევინ სპეისის სჭირდება დრო სიტუაციის შესაფასებლად და სამკურნალოდ. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის."

კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში პირველად ენტონი რაპმა BuzzFeed-თან ინტერვიუში დასდო ბრალი. მას შემდეგ, ოსკაროსანი მსახიობი კიდევ უფრო მეტმა კაცმა დაადანაშაულა მათ მიმართ არასათანადო ქცევაში. ბრალდებების უმრავლესობა 2004-2015 წლების პერიოდს ეხება, როდესაც კევინ სპეისი ლონდონის Old Vic თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

თეატრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოთქვა. Old Vic-ის განცხადებით, შეიქმნა იმეილი, რომლის მეშვეობითაც თეატრის თანამშრომლებს ანონიმურად შეეძლებათ საჩივრების დაფიქსირება სპეისის ან ნებისმიერ სხვა ადამიანთან დაკავშირებით.

ყოფილი თანამშრომლები კი ამბობენ, რომ Old Vic თეატრმა კევინ სპეისის არასათანადო ქცევის შესახებ იცოდა, თუმცა თვალს ხუჭავდა. "ჩვენ ყველას მიგვიძღვის წვლილი ამის დამალვაში", - უთხრა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა Guardian-ს.

ენტონი რაპის ისტორიის შემდეგ, საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიამ განაცხადა, რომ კევინ სპეისის საპატიო Emmy აღარ გადაეცემა.